ეს ლეგენდა როდია!
მოულოდნელად დაესხა თავს ჰერეთს სპარსეთის ჯარი.ეს თავდასხმა ყველა წინანდელზე სასტიკი და ვერაგული იყო.მტერმა ააწიოკა ,მოაოხრა ქვეყანა: ამოხოცა ხალხი, არავინ დაინდო ,არც ბავშვი და არც მოხუცი,გადაწვა სოფლები,გაიტაცა ხალხის სარჩო-საბადებელი,ყველაფერი,რაზეც ხელი მიუწვდა და რისი წაღებაც შეძლო.მხოლოდ კვნესა -ტირილიღა ისმოდა კიდით-კიდამდე.ხალხმა ,ვინც მოასწრო მთებს ,დაბურულ ტყეებს შეაფარა თავი.მაგრამ განა ასე ძაბუნნი იყვნენ ჰერელები,რომ გულზე ხელი დაეკრიფათ და წინააღმდეგობის გაწევაზე არ ეფიქრათ?
ჰერელი ვაჟკაცები ,თითო რომ ას კაცს მაინც გაუმკლავდებოდა, მთაში იყრიდნენ თავს,თავით ფეხებამდე იარაღდებოდნენ და წუთი-წუთ ელოდნენ უფროსის ბრძანებას – რისხვად მოვლენოდნენ მტერს და ისე შეემუსრათ,რომ ამბის მომტანიც არ დარჩენილიყო.
და აი,ერთ მთვარიან ღამეს,მუხისა და კაკლის ხეებით დაბურულ ადგილას, ”მდელოს ”, რომ ეძახდნენ ჰერელები თავი მოეყარათ ვაჟკაცებს და ბჭობდნენ,როგორ დასხმოდნენ მტერს და ქვეყანა განსაცდელისგან ეხსნათ.
სიწყნარე იყო,ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.მხოლოდ ფოთლების შრიალი თუ არღვევდა ზოგჯერ სიჩუმეს,ანდა დათვის ძუნძული კლდე-ღრეში.ვაჟკაცები დინჯად ბჭობდნენ.ჩუმად ეტყოდა უხუცესი სიტყვას თავის გვერდზე მდგომს.ისიც ამავე წესით გადასცემდა თავის მეზობელს და ასე მოივლიდა ნათქვამი ათას ვაჟკაცს.ბოლოს გადაწყდა: დილით ,განთიადისას თავს დასხმოდნენ მტერს და ერთიანად ამოეჟლიტათ.
ასეც მოხდებოდა მაგრამ…..
ჯუჯა ქონდრისკაცი ადგილიდან ლანდივით მოსწყდა და გაუჩინარდა.არავინ იცოდა მისი იქ ყოფნა ,არც გაპარვა გაუგია ვინმეს.
ერთი პირი წყალსაც ჩაეძინებაო,- ნათქვამია.იარაღასხმული,საომრად გამზადებული მეომრები ზეზეულად თვლემდნენგანთიადის მოლოდინში.
უეცრად ყიჟინა გაისმა და…
მტრის ურიცხვი ლაშქარი სალტესავით შემოერტყათ ირგვლივ.აირია ყველაფერი,ღამის სიბნელეში მტერსა და მოყვარეს ვეღარ არჩევდნენ.მტრის პირველ და მეორე წყებას ქართველი ვაჟკაცები გმირულად გაუმკლავდნენ,მესამე და მეოთხე წყებამ კი სძლია მათ.როცა ინათა და მზე მთის გადაღმიდან ამოცურდა,ათასი ვაჟკაცი უკვე უსულოდ იწვა ბრძოლის ველზე.თუმცა არც მტერს დასჯდომია იაფად ეს თავდასხმა.ბრძოლა დამთავრდა.ტყვეებითა და ნადავლით დატვირთულმა მტერმა პირი იბრუნა და თავის ქვეყანას მიაშურა.მთებში გახიზნული ხალხი,ვინც ნადირს შიმშილს და სიცივეს გადაურჩა,ნელ-ნელა დაუბრუნდა დანგრეულ სახლ-კარს.ცოცხლად დარჩენილებმა უზარმაზარი აკლდამა ააგეს გმირულად დაღუპულთათვის და ერთად მოათავსეს ათასი თავგანწირული ვაჟკაცი.შემდეგ ძმათა სასაფლაოზე ათასკოკიანი ქვევრი აიტანეს და ისიც აკლდამის გვერდით ჩაფლეს.
იმ დღიდან მოყოლებული ყოველ შემოდგომაზე .ჰერეთის მოსახლეობის თითოეული კომლი ვალდებულად თვლიდა თავს აეტანა და იმ ქვევრში თითო კოკა ღვინო ჩაესხა.ასე ივსებოდა ქვევრი ყოველწლიურად,ხოლო როდესაც ქვეყანა ჭირნახულს დააბინავებდა და ზამთრის მოლოდინში ყველაფერი მიწყნარდებოდა,ღვინობისთვეში ადიოდნენ მთაზე,მოხდიდნენ თავს ქვევრს და სვამდნენ სამშობლოსათვის თავგანწირული ათასი ქართველი ვაჟკაცის შესანდობარს.
ეს ქვევრი და ქართველი ვაჟკაცების აკლდამა დღესაც არის ჰერეთში კასრის საყდრის მახლობლად.

წიგნიდან ”ოქროს საბლით მოზომილი”

სტატია მოგვაწოდა ხათუნა ოთარაშვილმა

 

Comments

comments

დატოვე პასუხი