სტატია რომელიც გვინდა რომ წარმოგიდგინოთ რამოდენიმე საათის წინ forum.ge ზე გამოქვეყნდა, hereti.info მას უცვლელად გთავაზობთ

ძალიან მძიმეა ის დისკრიმინაციული გარემო, რა პირობებშიც სწავლობენ ინგილო ქართველი მოსწავლეები. ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის დაახლოებით 14 ათასიან მოსახლეობას (დაბის მცხოვრებთა 95% მუსლიმი ან ქრისტიანი ქართველია) ბოლო 20 წელიწადში თითქმის სრულად შეეზღუდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. დღეისათვის ალიაბადის 4 სკოლიდან 3-ში მხოლოდ აზერბაიჯანული და რუსული სექტორები მოქმედებს, უკანასკნელ ქართულ სექტორს კი, რომელიც ალიაბადის #1 სკოლაში ჯერ კიდევ შემორჩენილია, უახლოეს მომავალში გაუქმება ემუქრება (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 14 ათასიან ალიაბადში ქართულ სექტორზე მხოლოდ 95 მოსწავლე სწავლობს). მეტიც, ალიაბადის აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე დაწყებითი კლასების ქართველ მოსწავლეებს პედაგოგები ქართულ ენაზე ლაპარაკსაც უკრძალავენ და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფიზიკური დასჯითაც კი ემუქრებიან. რამდენიმე წლის წინ ალიაბადის სკოლის მოსწავლეებმა კავკასიური ცეკვების დროს საქართველოს დროშა აწიეს, რის გამოც ადგილობრივმა აზერბაიჯანელმა „სამართალდამცავებმა“ ეს მოსწავლეები წაიყვანეს და აწამეს, რაც არ გაშუქებულა მედიაში და დღემდე არც არავინ დასჯილა. აქ უნებლიედ გახსენდება აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, მაგრამ ეს ხდება არა XIX საუკუნის რუსეთის იმპერიაში, არამედ XXI საუკუნეში, ევროსაბჭოს წევრ აზერბაიჯანში.

სულ ახლახან, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორის პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის დირექტორმა – მუსა მამედოვმა პირადად მკაცრად გააფრთხილა – სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით 14 ივნისს დაგეგმილ გამოსაშვებ საღამოზე არ ვნახო ქართული წარწერებიო. არადა, მოსულის სკოლის ქართველ მოსწავლეებს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღისთვის მომზადებული ქონდათ მაისურები სრულიად უწყინარი ქართული წარწერებით – „მშვიდობით სკოლავ“ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, 14 ივნისს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოსულის სკოლის ქართული სექტორის მოსწავლეებს სრულიად უკანონოდ არ მიეცათ მშობლიურ ენაზე წარწერების, ქართული ცეკვების ან სიმღერების შესრულების უფლება. ამასთან, პარალელს თუ გავავლებთ, საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს არავინ უკრძალავს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მშობლიურ ენაზე წარწერებსა თუ აზერბაიჯანულ სიმღერებს…

დღეისათვის მოსულის სკოლის ქართულ სექტორზე მხოლოდ 135 მოსწავლე სწავლობს. გაცილებით მეტი მოსწავლეა მოსულის სკოლის აზერბაიჯანულ სექტორზე, რომლებიც ასევე ინგილო ქართველებით არის დაკომპლექტებული და ისინი სრულად მოკლებული არიან მშობლიური ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლის შესაძლებლობას. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ სოფელ მოსულის სამი ათასიანი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა (99%) ინგილო ქართველია.

ბოლო 50 წლის მანძილზე საინგილოს ბევრი ქართული სოფელი (ათასობით მცხოვრებით) ყოფილ ქართულ სოფლად იქცა, სადაც მშობლიურ ენაზე უფროსი თაობის ადამიანები ჯერ კიდევ საუბრობენ…

გ. ჩანგაშვილი თბილისში 1970 წელს გამოცემულ თავის წიგნში „საინგილო“ გულისტკივილით წერდა: [საინგილოს] „ზოგიერთ სოფელში ქართული ენა მთლიანად დავიწყებულია (სოსკანი, ლალაფაშა, ფალდარო, ყანდარი, ვერხვიანი, გოგამი, ბელაქანი და სხვ.), ზოგში ქართული მარტო მოხუცებმა-ღა იციან (ჰენგიანი, ყაფანახჩი), არის სოფლები, სადაც ქართული მხოლოდ ბავშვებმა არ იციან (ძაგამი, თასმალო)“.

სამწუხაროდ, საბჭოთა აზერბაიჯანის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისა თუ ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად და საბჭოთა საქართველოს მთავრობის უყურადღებობის გამო ყოფილ ინგილოთა მრავალი სოფლის მოსახლეობამ დაივიწყა მშობლიური ენა და გააზერბაიჯანელდა.
ნუთუ ახლა მაინც არ უნდა ვისწავლოთ ახლო წარსულის გაკვეთილებიდან?…

არსებობს რეალური საშიშროება, რომ სექტემბრისთვის წინასაარჩევნო ბატალიებში გართული ქართველი პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ყურადღების მიღმა ალიაბადისა და მოსულის ქართული სექტორები დიდი ალბათობით ისევე უხმაუროდ გაუქმდეს, როგორც ეს სხვა სოფლებში წარსულში არაერთხელ მომხდარა.

სანამ ქართველი „უფლებადამცველები“ თუ ფსევდოლიბერალები ირონიულ სტილში აქტიურად „ხალისობენ“ თემაზე „ქართველობას გვართმევენ“, საინგილოში ინგილო ქართველობას გეგმაზომიერად მართლა ართმევენ ქართველობას, განმკითხავი კი არ ჩანს… ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილით სამშობლო გაიცემა…“

(გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 21 ივნისი-4 ივლისი, 2018).

Comments

comments

1 კომენტარი

დატოვე პასუხი