საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის სამშობიარო კლინიკები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც წელიწადში მინიმუმ 750 მშობიარეს მოემსახურებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამშობიარო სახლებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.  კანონმდებლობის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპზე, სელექტიური კონტრაქტირების პროგრამა ითვალისწინებდა  საყოველთაო ჯანდაცვაში იმ კლინიკების ჩართვას, სადაც წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე იქნებოდა  და პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული ექნებოდა  შესაბამისი დონე. აღნიშნული კრიტერიუმები მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოებზე  ვრცელდებოდა.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის, მაია ხომერიკის განმარტებით,  სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში, სამშობიარო საავადმყოფოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება და სახელმწიფო კონტრაქტს მხოლოდ იმ კლინიკებთან გააფორმებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში სულ მცირე 750 მშობიარეს მოემსახურნენ.

ახალი სტანდარტი 2019 წლიდან ამოქმედდება. როგორც ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს,  პირობების გამკაცრება საერთაშორისო ნორმატივებს შეესაბამება და დროთა განმავლობაში ის 1000 მშობიარობამდე გაიზრდება.

მაია ხომერიკის განმარტებით, სტანდარტების გამკაცრების მიზანია კლინიკებმა შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ სერვისის ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია პაციენტების რაოდენობასთან.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. ის ქვეყნის ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბავშვთა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა სრულად ფარავს, დანარჩენი მოქალაქეების კი — ნაწილობრივ. 2017 წლის  1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.

 

Comments

comments

დატოვე პასუხი