ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ძველად, ჰერეთში მცხოვრებ სახელოვან ვაჟკაცს ასლან-ლომი ხალხმა სიმამაცის გამო შეარქვა. მოადგებოდა თუ არა მტრის ჯარი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ასლანი იმწამსვე გაჩნდებოდა [sociallocker]თავისი რაზმით და დააწიოკებდა. ასლანს მზეთუნახავი ასული მთელი დღე კოშკში ჰყავდა ჩაკეტილი, მტერს რომ არ მოეტაცა. ქალი მხოლოდ ღამე გამოდიოდა გარეთ, მთვარის შუქზე გაშლიდა დალალებს და იწყებდა თმის ვარცხნას. მას ერთი მამალი ჰყავდა, რომელსაც ბიბილო, ნისკარტი, კუდი და დეზები ოქროსი ჰქონდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში თვლემდა, მაგრამ მტერი რომ მიუახლოვდებოდა საზღვარს, მამალი იღვიძებდა და იწყებდა ყივილს. ხმაზე ხალხი გროვდებოდა და მიდიოდა მტრის დასახვედრად.

ერთხელაც, ხალხს ღრეობის შემდეგ ღრმა ძილით დაეძინა. მათ მამლის ყივილი ვერ გაიგეს, მტრის ჯარი ადვილად გადმოსცდა საზღვარს და ქვეყანა ააოხრა. რატომღაც ასლანსაც მკვდარივით ჩასძინებოდა თავისი კოშკის ზღრუბლზე. მას მტრის ჯარისკაცებმა მიაგნეს და მძინარეს მოჰკვეთეს თავი, კოშკი გატეხეს და მზეთუნახავი იხილეს, რომლის სახეც სხივებს აფრქვევდა. მისი ტყვედ წაყვანა და მეფისთვის საჩუქრად მირთმევა გადაწყვიტეს. ქალმა მეომრებს სთხოვა, მისთვის მცირე დრო მიეცათ, აღთქმას შეასრულებდა ქურმუხის წმიდა გიორგის სახელზე და თავის მამალს შეწირავდა. მეომრების დასტურის შემდეგ მზეთუნახავმა მამალი კალთაში გახვია და ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ვიწრო ბილიკს დაადგა. საყდარს რომ მიაღწია, მზეთუნახავმა მღვიმეს შეავლო თვალი და ინატრა, – ნეტავ ახლა ეს მღვიმე გაიხსნას და ჩამიტანოსო. ის იყო მამალი უნდა გაეფრინა და თვითონ კლდიდან გადაშვებულიყო, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ქვეშ მღვიმე გაიხსნა. მზეთუნახავი და მისი ოქროს მამალი შიგნით შეიმალნენ და მღვიმის კარები მიიხურა. მეომრები ქვევით უცდიდნენ მზეთუნახავს. ჩუმად გამოჰყოლოდნენ თურმე ფეხდაფეხ. დიდხანს უცადეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. შემდეგ მიანგრ-მოანგრიეს ქურმუხის წმიდა გიორგის საყდარი და განრისხებულები დაბრუნდნენ უკან.“

– თუ ჩვენ გადავურჩით მტრის ურდოებს და დღემდე მოვიტანეთ ჩვენი ერის სიწმინდე, ეს მზეთუნახავი ქალის წყალობით არისო, – ამბობენ ჰერეთში და თან დასძენენ: დღესაც შუაღამე რომ გახდება, მღვიმის კარები იღება, ოქროს მამალი გამოფრინდება და ყივილს იწყებსო. მთელი საინგილოს მამლები აჰყვებიან ოქროს მამალს და აყივლდებიან, ხოლო მზეთუნახავი ამ დროს ქვის დიდ ლოდზე ზის და მთვარის შუქზე დალალებს ივარცხნისო”.

ერთ-ერთი ლეგენდით, “ინგილოთა გადმოცემით, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ – დედა ღვთისმშობელი აღებს ხოლმე ქურმუხის ქვეშ არსებულ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს მორთავს, მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როდესაც, ჩვეულებისამებრ, გამოვიდა მარიამ-დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა, ღვთისმშობელი კი სწრაფად გამოქვაბულში შებრუნდა და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვთისმშობელსა და გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.”

ქურმუხის სალოცავისთვის მამლების შეწირვის ტრადიციაც ამ ლეგენდების საფუძველზე იღებს სათავეს…

წყარო  Effect tour Georgia

[/sociallocker]

Comments

comments

დატოვე პასუხი