ქურმუხის ეკლესიის არქიტექტურული აღწერა

წმინდა გიორგის ქურმუხის ტაძარი აგებულია ე.წ. კანგარის –კანგარაკის მთის ტყით დაფარულ კლდოვან თხემზე. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გადმოცემით, ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ძველი საყდრის ადგილზეა აგებული და სახელიც აქედან აქვს შემორჩენილი. წმინდა გიორგის ძველი ტაძარი აგებული ყოფილა უზარმაზარი სიდიდის ერთ მთლიან ლოდზე. XX საუკუნის 40–იან წლებში ზ. ედილს დაუთვალიერებია აღნიშნული ძველი ტაძრის ნაშთები; მაშინ კარგად ჩანდა ძველი ნაგებობის კონტურის კვალი. ზ. ედილი აღნიშნავდა, რომ ძველი საყდრის საძირკველის და კედლების ნანგრევები დღესაც მოჩანსო. ამჟამადაც გამოირჩევა დუღაბში ჩაკირული რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომელთა შესახებაც ხალხური გადმოცემა რომ არ არსებობდეს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა.

ქურმუხის ტაძრის ხუროთმოძღვრების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ხელშესახები მასალა არ მოიპოვება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი. ქურმუხის ტაძრის გარშემო ტყით დაფარულ ტერასებზე, სამონასტრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი შენობათა ნანგრევების ნაშთები შეინიშნება, მაგრამ ტყეს და ჯაგნარს ისე დაუფარავს ქვები, რომ მისგან გამოსუფთავების გარეშე რაიმეს თქმა მათ შესახებ შეუძლებელია.
ქურმუხის ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჩაწერილი ჯვრის ტიპს გარე კედლების სწორკუდხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი ხაზგასმულია კედელთა მსუბუქი განტეხვით, ხოლო დასავლეთის, ყველაზე ფართო შესასვლელთან კიბე და მცირე ბაქანია მოწყობილი. ტაძრის გარე პერიმეტრზე კედლებს არავითარი ღრმა ჩაჭრები ან გამოწეული სივრცობრივი ფორმა არ გააჩნია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიმეტრიის ღერძების გასწვრივ (ოთხივე მხარეზე) ოდნავ წინ გამოწეულ კედლის სიბრტყეებს (10 სმ), რომლებიც სივრცეში ანაწევრებენ ტაძრის დამუშავებულ დიდ სიბრტყეებს.
სწორკუთხედის შიდა სივრცე სამი ნაწილისაგან შედგება; გეგმარების მოდელად აქ გამოყენებულია კვადრატი, რომლის გვერდები (კედლების სიბრტყეებს შორის) 3,5 მეტრს უდრის.

Comments

comments

დატოვე პასუხი