აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი არსებობის 33 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა საინტერესო და ამავდროულად რთული გზა განვლო. თეატრს ამჟამად სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავს. მიუხედავად ამისა მსახიობები ბოლოს 21 ივლისს  გურამ ბათიაშვილის „წერილები შვილებს“ სპექტაკლით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, მანამდე კი მაყურებელს თავი დაამახსოვრეს თამარ ჩხეიძის პიესით „გაფრენა“.

თეატრის შესახებ გვესაუბრა თეატრის წარმომადგენელი ბატონი კოტე ბარიხაშვილი:

“ეს თეატრი თავდაპირველად დრამატული წრე გახლდათ, შემდგომ მას ილია ჭავჭავაძის სახელი  მიენიჭა, 2006 წელს კი სახელმწიფო წოდება მიიღო. ეს უდიდესი მოვლენაა, რადგან სახელმწიფომ აღიარა და დაფინანსება გამოგვიყო. აზერბაიჯანის ქართული დრამატული თეატრი ორი ქვეყნის  ურთიერთობის სიმბოლოა. იგი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის  კულტურის შენარჩუნების ერთერთი  კერაა.

თეატრში მომუშავე ადამიანებთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვიყავი ქართული თეატრის შექმნის სამსახურში.

მოგეხსენებათ, „თეატრი“ ცოცხალი სიტყვაა, საკუთარი აზრების რეალიზების საშუალება. ყველაზე მთავარი კი შემოქმედებაა. თავის დროს, საქართველოს ინტელიგენციამ, როგორც არასდროს, უდიდესი წვლილი შეიტანა ამ თეატრის შექმნაში.  ჩვენ თვალს  ვადევნებთ საქართველოში ქართული თეატრის ცხოვრებას. ვფიქრობ, ჩვენი თეატრი დიდი ქართული თეატრის ნაწილია, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაქვს, რადგან შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაკლები ყურადღება გვექცევა. საერთოდ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დეფიციტი არსებობს. დღეს ჩვენს თეატრს ურთიერთობა და დახმარება სჭირდება”.

ბატონი კოტეს თქმით, “თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ქართული კულტურის განვითარების მოვლენების ეპიცენტრში, ის მინიმუმი მაინც უნდა განხორციელდეს ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ თავი საქართველოსგან მიტოვებულად და მოწყვეტილად არ ვიგრძნოთ,  დღეს  თეატრის დასის წევრები პრობლემების წინაშე დგანან. საჭიროა საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ  საკითხები, მათ შორის, თეატრის შემოქმედებითი დონის ამაღლების, პროფესიონალი კადრების, საქართველოში ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ…

თეატრის ცხოვრებაში იყო სხვადასხვა პერიოდი, როცა შემოქმედებითი მოტივაცია

სიტუაციიდან გამომდინარეობდა. დღეს ჩვენი თეატრი სახელმწიფოს ეკუთვნის  და შემოქმედებითი თვალსაზრისით მეტი მოგვეთხოვება. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს კულტურის სამინისტრო და რისი გაკეთება შეუძლია ჩვენთვის. ამ ეტაპზე გვსურს საქართველოს რეგიონებში გასვლების დაგეგმვა . ჩვენ ვაწყობთ შიდა გასვლებს რაიონის სხვადასხვა სოფლებში, ყველა სოფელში

არსებობს კულტურის სახლი სადაც ჩვენ პატივი გვაქვს მაყურებელს ვანახოთ ჩვენი შემოქმედება”.

ავტორი: რუსუდან ბარიხაშვილი

Comments

comments

დატოვე პასუხი