მთავრობა გეგმავს შექმნას ახალი უწყება, რომელიც ბიზნესს სესხის აღებაში დაეხმარება და კრედიტის გამოტანისას ბანკში თავდებშიც ჩაუდგება.

ამ იდეის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აპრილის შუა რიცხვებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოში მოქმედი ბანკები გააკრიტიკა.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტების ავტორების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებაზე, განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის, სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი. ეს არის მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა სწრაფი სესხების შემთხვევაში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება“.

მანამდე მთავრობამ ახალი საგადასახადო ინიციატივები წარადგინა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გეგმავს კრედიტის აღებაში დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის (თანამონაწილეობის) არარსებობის გამო სესხის აღებაზე უარს ეტყვიან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე“ მუშაობს.

Comments

comments

დატოვე პასუხი