სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საინგილოში მცხოვრებ ქართველებს წერილი გაუგზავნა. პატრიარქი ჰერებს აღდგომისა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს და მიმართავს, რომ პრობლემებს არ შეუშინდნენ.

„ჰერეთის მკვიდრნო, ქრისტე აღსდგა! თქვენ კარგად იცით, რომ წმინდა გიორგი ქართველი ერისა და საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. თუ ჩვენი ხალხი გადაურჩა ათასი ჯურის მომხდურს და დღემდე მოაღწია, ეს წმინდა გიორგი განსაკუთრებული შეწევნის შედეგიცაა.

მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად მიმავალი ჩვენი ლაშქარი ხშირად ცხადად ხედავდა წინ როგორ მიუძღოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი და ღვთის წყალობის მოიმედენი უძლეველნი ხდებოდნენ. და არა მარტო ომში, მის ამ შემწეობას ყველგან და ყოველთვის გრძნობდნენ ქართველნი. ამიტომაც არის, რომ წლის თითქმის ყოველ დღეს ამა თუ იმ სოფელში, რაიონში თუ ქალაქში იზეიმებოდა ჩვენთან წმინდა გიორგის დღესასწაული. მათ შორის არის გამორჩეული სიძლიერის ტაძრები, ხატები და სალოცავები, რომლებსაც პატივს მიაგებენ, როგორც ქართველნი, ისე არაქართველნი, როგორც ქრისტიანნი, ისე არაქრისტიანნი. ასეთ სალოცავთა რიცხვს მიეკუთვნება ქურმუხის წმინდა გიორგიც, რომელიც ჰერეთის განსაკუთრებული მფარველია.

კახის, ბელაქანის, ზაქათალის მკვიდრნო, გულითადად გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. გახსოვდეთ მიწიერი ცხოვრება წარმავალია და იგი მომზადებაა იმქვეყნიური ჩვენი მარადიული ყოფისათვის. არ შეუშინდეთ პრობლემებს, სთესეთ სიკეთე და იარეთ ჭეშმარიტების გზით, რომ ღვთის მფარველობა არ მოგაკლოთ. წმინდა გიორგი იყოს თქვენი შემწე და მეოხი. თქვენ ყოველთვის გვახსოვხართ და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში“, – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი, მამა ბასილი, ადგილობრივი უშიშროების განყოფილების თანამშრომლებმა საფლავებზე არ გაუშვეს და პარაკლისის გადახდის საშუალება არ მისცეს. კახის მაცხოვრებლების თქმით, წმინდა გიორგის ეკლესია გარედან ნახევრად არის გათეთრებული. უშიშროების თანამშრომლებმა მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.

საინგილოში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს სარწმუნოება, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან ყურადღებას საერთოდ ვერ გრძნობენ.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი, მამა ბასილი ზეწოლის ფაქტებზე კომენტარს არ აკეთებს. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი ამბობს, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია. „მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Comments

comments

დატოვე პასუხი