ჰერეთი (იგივე საინგილო) აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული ქართული მიწაა, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ქართულად საუბრობენ, იცავენ ქართულ ადათ-წესებსა და ქრისტიანობასაც კი (უდიდესი ზეწოლის მიუხედავად)!

“რესპონდენტის” რესპონდენტია ჰერელი ქართველი მარიამ ზურაბაშვილი. მარიამმა ჩვენთან დღევანდელ ჰერულ ყოფასა და პრობლემებზე ისაუბრა. ჰერელების ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოში მცხოვრებ ქართველთა დამოკიდებულება აღმოჩნდა მათ მიმართ, რომლებიც ,,თათრებსა” და ,,ურჯულოებს” უწოდებენ ჰერეთის ქართულ მოსახლეობას.

– როგორი ბავშვობა გქონდათ, რაზე ოცნებობდით?
ბავშვობა… ყოველთვის ღიმილით მახსენდება ჩემი ბავშვობა… ადრე სადღაც წავიკითხე ასეთი გამოთქმა: „დრო იყო, დრო არ იყო“ – ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო… სოფელში, ჰერეთში გავიზარდე, სახლში რა გამაჩერებდა, მინდორი, თხილის ბაღი, ეზო, ქუჩა, ზაფხულობით მდინარეზე სიარული, ზამთარში დილიდან საღამომდე თოვლში თამაში… ამ ყველაფერთან ერთად სწავლას და წიგნების წაკითხვასაც ვასწრებდი… ოცნებით კი საქართველოში ჩამოსვლაზე და ცხოვრებაზე ვოცნებობდი ყოველთვის… სულ იმას გავიძახოდი, კარგად უნდა ვისწავლო, რომ თბილისში სასწავლებლად წავიდე და იქ ვიცხოვრო-მეთქი.

-როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ თქვენი ქართული სოფელი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში…
ეგ დღე დღევანდელი დღესავით მახსოვს… მესამე კლასში ვიყავი, მამასთან ერთად თბილისიდან მოვდიოდით, მაშინ საზღვრების მოწესრიგება ახალი დაწყებული იყო და საბუთებს ხან ითხოვდნენ, ხან – არა, დაბადების მოწმობა მქონდა, მაგრამ მინდობილობა – არა რომელსაც ახლა ითხოვენ, როცა ერთ-ერთ მშობელს საზღვარგარეთ მიჰყავს ბავშვი, ამის გამო პრობლემები შეგვექმნა… წასვლისას არ გავუფრთხილებივართ, რომ მსგავსი საბუთი იყო საჭირო და დაბრუნებისას გვეუბნებიან – „ვერ გაგატარებთ, საბუთი გჭირდებათ“. წარმოიდგინეთ, სულ ის მესმოდა, რომ მიწა, სადაც ვიზრდებოდი, იყო საქართველო და ერთ დღესაც სახლში ვერ ვბრუნდები მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოდან საქართველოში შემოსასვლელად საბუთი მჭირდება… გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული… ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და მახრჩობდა… მამას ვუთხარი – „რომ გავიზრდები პრეზიდენტი ვიქნები და ყველას პასუხს მოვთხოვ“… გავიზარდე, მივხვდი რომ პრეზიდენტი ისეთი ყოვლისშემძლე არ არის, როგორიც ბავშვობაში გვგონია და რომ ჩემგან პრეზიდენტი არ გამოვიდოდა… მაგრამ ის ბრაზი ახლა გულისტკივილში გადაიზარდა, მივხვდი, რომ მაშინ ის მესაზღვრეები დამნაშავენი არ იყვნენ, რომ ჩვენს საზღვრებს მიღმა აღმოჩენაში ყველაზე დიდი წვლილი ქართველებს მიუძღვოდათ, რომ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებენ და რომ მეც ბევრი არაფერი შემიძლია… ახლა კი ხშირად გულისტკივილი მახრჩობს…

-რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება საქართველოში და არა აზერბაიჯანში.
პირველ კლასში რომ მივდიოდი, მასწავლებელი გამეხუმრა, აზერბაიჯანულ სექტორში ჩაგწერე და ვეღარ შევცვლი, აზერბაიჯანულად უნდა ისწავლოო, ერთი საათი ვტიროდი და მხოლოდ ერთს გავიძახოდი – მე ქართულად უნდა ვისწავლო არ მინდა აზერბაიჯანული-მეთქი. ვერ მაჩუმებდნენ, სანამ ჟურნალში ლამაზი ქართული ასოებით დაწერილი ჩემი სახელი და გვარი არ მაჩვენეს… მაშინვე ვიცოდი რომ სწავლას მხოლოდ საქართველოში გავაგრძელებდი და სხვაგან – არსად…

-ვინ ან რამ შეგაყვარათ საქართველო?
ის გრძნობა რასაც საქართველოს სიყვარული ჰქვია ჩემში დაბადებიდან იყო და კონკრეტულ მოვლენასთან ან ადამიანთან არ ყოფილა დაკავშირებული… როგორც მშობლები გიყვარს დაბადებიდან და ვერ იტყვი ვინ ან რამ შეგაყვარა მშობლები, ასეა სამშობლოს სიყვარულიც… მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, პაპა ისტორიკოსი მყავდა, ბებია -ფილოლოგი და მათ შემაყვარეს საქართველოს ისტორია და ქართული ენა… საქართველო კი… საქართველო სულ მიყვარდა და მიყვარს…

-რა პრობლემებს აწყდებოდით ჰერეთში ცხოვრებისას?
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ქართული სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის სიმცირე იყო… საქართველოს ისტორიის წიგნები საერთოდ არ არის… გინდა ისწავლო ქართული, წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წიგნი საქართველოს შესახებ, უფრო ახლოს გაიცნო ქართველები და ამ დროს გაქვს საბჭოთა კავშირის დროს დაბეჭდილი წიგნები, ისიც მცირე რაოდენობით…

-პირველი შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისას გქონდათ და გაგიჭირდათ თუ არა ადაპტირება აქაურ გარემოსთან…
ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ეს ვიზიტები მცირეხნიანი იყო. სასწავლებლად რომ ჩამოვედი, პირველად მაშინ მომეცა საქართველოს სრული სახის დანახვის საშუალება… დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩემს წარმოდგენებში ცოცხლობდა… ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ყოველ ნაბიჯზე დედის გინების გაგონება იყო… მე წიგნებიდან და ისტორიიდან როგორ საქართველოსაც ვიცნობდი, ისეთი არ დამხვდა – იქ ქალის მანდილს ომის შეჩერება შეეძლო და ამ საქართველოში კი ასე უდიერად ექცევიან ქალებს… შეგუება არ გამჭირვებია, რადგან ადათ-წესები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან… სამზარეულოც ერთნაირი გვაქვს… ცოტა ლაპარაკი მიჭირდა, სალიტერატურო ენა და დღევანდელი სალაპარაკო ენა ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან და ორი სამი თვე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ვაითუ რაღაც არასწორად მეთქვა…

-რა აწუხებთ ჰერელებს დღეს ყველაზე მეტად?
ქართველებისგან უყურადღებობა… არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ქართულ მხარეს შეუძლია თუ ცოტათი მაინც გამოიჩენს ყურადღებას… მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ისიც კი არ იცის, სად არის ჰერეთი და ვინ არიან ჰერელები…

-რას აპირებთ მომავალში და სად წარმოგიდგენიათ თავი?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტში… მუშაობასაც ამ სფეროში დავიწყებ და ქართველი ხალხის სამსახურში, ქართველების ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიქნები…

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება?
ეს არც უნდა გეკითხათ… რა თქმა უნდა, გამთლიანებულ და აღორძინებულ საქართველოში ცხოვრება…

-რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?
ქართველები ივიწყებენ თავიანთ თანაფესვებს, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდნენ და ხშირად საქართველოში ჩამოსულებს ქართველებადაც არ ღებულობენ… ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ ვიცით ჩვენი საქართველო სად არის, გვიყვარს ის და ქართველებმა, მართალია ჩვენს სიყვარულს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდნენ, ვინ ვართ და სად ვართ ჩვენ…

-როგორც ვიცი, ჰერეთში ქართულ ტრადიციებს იცავენ და ქართულ ქრისტიანულ დღესასწაულებს აღნიშნავენ…
ჰერეთში სამი რაიონია, სადაც ქართული სოფლებია, აქედან ერთ რაიონში ქრისტიანი ქართველები ცხოვრობენ და ისინი ქრისტიანულ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ, ორ რაიონში კი მუსლიმანი ქართველები ცხოვრობენ, მართალია, ქართული ტრადიციები აქვთ შემონახული, მაგრამ ქრისტიანული დღესასწაულები არ აღინიშნება…

-გაგვაცანით ჰერული ყოფა, რა გინდათ, რომ იცოდნენ აქაურმა ქართველებმა თქვენ შესახებ?
ჩვენც ქართველები ვართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა ვცხოვრობთ… როცა ლაპარაკს ვიწყებთ, პირველი სიტყვა არის „დედა“; როცა გვწყურია, ვითხოვთ „წყალს“ და როცა გვშია – „პურს“… სწავლას „აი-ია“-თი ვიწყებთ, „ვეფხისტყაოსნით“ ვაგრძელებთ… ჩვენც ქართველები ვართ, როგორც ზაზა ჰერელი თავის ლექსში ამბობს: „ალაზნის მიღმა, გასხვისებულ საქართველოში“…

-რისი შეცვლა გინდათ ყველაზე მეტად?
წარსულის… ნეტა შემეძლოს…

-როგორი გრძნობაა, იყო ჰერელი ქართველი…
სიამაყის… ამაყი ვარ იმით რომ ვარ იმ წინაპრების შთამომავალი, რომელთაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოგვინახეს ქართული ენა, ტრადიციები, საქართველოს სიყვარული… შეეძლოთ საქართველოში გაქცევა, მაგრამ მაინც არ მიატოვეს მშობლიური კერა, თავიანთ მიწაზე დარჩნენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ მას…

 

წყარო respondent

Comments

comments

დატოვე პასუხი