ცხელა…. ძალიან ცხელა…. ცხელა ისე რომ სუნთქვა ჭირს. ამ ზაფხულში ისე ძლიერ ცხელა, რომ შეგვიძლია სრულიად დავეთანხმოთ ჰერელების გამოთქმას: “ისე ცხელა ჭრიჭინა სკდებაო“. ცხელა ისე რომ თითქმის გადამხმარია ყველაფერი და წყაროში წყალიც კი ძლივს მოედინება. მაშინ როდესაც ხალხი სიცხეს გაურბის, თავს სახლს აფარებს და სხვადასხვა ძვირადღირებული საშუალებებით ცდილობს სიცხესთან გამკლავებას, მაშინ როდესაც საზოგადოება ზღვაზე არხეინად ისვენებს. მოდით და თვალი გადავავლოთ თუ რას აქეთებს ჰერელი გლეხი და მისი ოჯახი.

დღის სამი საათია, დრო როდესაც სიცხე პიკს აღწევს, კოჭებამდე მტვრით დაფარულ ქუჩაში, შორს, ჰორიზონტზე მოჩანს ურემი. იგი ნელნელა უახლოვდება მის ფიცრით ნაგებ პატარა ქოხს, რომელიც შედგება სულ რაგაც ორი პაწაწინა ოთახისაგან. ისე ცხელა რომ ცხენსაც კი უჭირს სიარული. ურემზე შემომჯდარა ჰერელი მამაკაცი. ის ისეა გაოფლილი გეგონება ზედ წყალი გადაასხეს. მისი მზისგან დამწვარი სახე და სხეული მის დაღლილობაზე მეტყველებენ. მზეზე დიდი ხნით მუშაობის გამო თვალები აქვს აწითლებული. ცხენი ნებაზე ყავს მიშვებული და ასე დაღლილ-დაქანცული მინდვრიდან სახლში ბრუნდება. ურემზე თოხი, ნაჯახი და რამოდენიმე მუხის ხმელი კუნძი უდევს. იმ მუხისა რომელმაც ამ მტანჯველ სიცხეს ვერ გაუძლო და გახმა. იგი ჰერელმა გლეხმა ახლახანს მოჭრა. მიაქვს სახლში და ცდილობს ასე ცოტ-ცოტად შეაგროვოს ზამთრის მარაგი.

იგი ღრმად არის ჩაფლული ფიქრებში. ფიქრობს: ჩემი შვილი, ჩემი პატარა თამარი წელს სკოლაში მიდის. არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ შევუქმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ კარგად ისწავლოს. იქნებ ისიც დიდი თამარივით, ჩვენი მეფე თამარივით დიდებული ადამიანი გამოვიდეს? ჩემი მეორე შვილი, ისიც მომავალ წელს დაიწყებს სკოლაში სიარულს, ღმერთო მომეცი ძალა, რომ აღვზარდო იგი ჭკვიან და პატიოსან ადამიანად, იქნებ მანაც შეძლოს და ინგილო ქალივით, რომელმაც ერეკლე მეფეს თავზე ქლიავი გადმოაყარა, დაანახოს ხალხს სრული სიმართლე ჰერეთისა და ჰერელების შესახებ? ჩემი პაწაწინა დავითი რომელიც ეხლა აკვანში წევს და სძინავს, იქნებ ისიც დიდ დავითს დაემსგავსოს და მასავით შეძლოს საქართველოს გაერთიანება?  აგერ უკვე მეოთხე შვილსაც ველოდები. არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთვარია იყოს ჯანმრთელი და გავდეს იმ დიდებულ ქართველებს რომელთა სახელიც თაობიდან თაობას დიდ საგანძურად გადაეცემა. ამ ფიქრებში გართული სახლს მიუახლოვდა, ურემი ეზოში შეიყვანა, წინ მეუღლე გამოეგება, ტოლჩით წყალი დაუსხა, ხელ-პირი დააბანინა და სასადილოდ სუფრას მიუსხდნენ.

მაშინ როდესაც ზღვის პირას მყოფი ადამიანები ძვირადღირებულ კერძებში უამრავ ფულს იხდიან, ამ ოჯახს აგერ უკვე მერამდენე დღეა ლობიო და ბოსტნეულის სალათი უდგათ მაგიდაზე. იმ  ბოსტნეულის და ლობიოსი რომლის მოსაყვანადაც ბევრი ოფლი დაღვარეს, გვალვას რომ არ გაეფუჭებინა მოსარწყავად წყალს ზურგით ეზიდებოდნენ. სხედან ამ მოკრძალებული სუფრის გვერდით და ფიქრობენ: თუ რას შეჭამენ ხვალ ან ზეგ, რას ჩააცმევენ ბავშვებს, როგორ გადაიტანენ კიდევ ერთ ზამთარს და როგორი ზაფხული იქნება მომავალი ზაფხული წვიმიანი და ნოყიერი თუ ისევ ასეთი გვალვიანი? ოჯახის თავი ცოლს გადახედავს რომელიც კიდევ ერთ საყვარელ შვილს გაუჩენს, შემდეგ თვალს ოთახისაკენ გააპარებს სადაც მის სამ ანგელოზს სძინავს და თვალთაგან სიმწრის ცრემლები სცვივა, ცდილობს არ შეიმჩნიოს, არ უნდა რომ ცოლმა მტირალა ნახოს. რა ქნას უბედურმა, რომ ცოლშვილისთვის ყველაფერი კარგი უნდა, მაგრამ რა მისი ბრალია რომ ღმერთმა ასეთად შექმნა? ერთადერთი რამ რაც მას ძალას მატებს არის ის, რომ იგი ჰერელია. რომ იგი გახლავს იმ ერის შთამომავალი რომელთაც უამრავი ტანჯვა გამოიარეს რომ დღევანდელობამდე მოეღწიათ. მას ეს ეამაყება და მომავლის იმედს უსახავს.

ავტორი მარიამ ზურაბაშვილი

Comments

comments

დატოვე პასუხი