ისინი თავის ისტორიულ სამშობლოს გულში ინახავენ და ფაქიზად უფრთხილდებიან, ისინი დღეს სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ გენეტიკურ კოდში შემორჩენილ მშობლიურ ენას მაინც ვერ ივიწყებენ…

ისინი უკვე 400 წელია, რაც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, მაგრამ თავს ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ… ისინი ჩვენგან სიყვარულის სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტ სითბოს იმსახურებენ…

ისინი — ჩვენები არიან…

ზვიად ტომარაძე — ორგანიზაციის “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI” დირექტორია და ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს რეალობა ბოლომდე გაცნობიერებული აქვს. დღეს უკვე მუშაობს მეხუთე პროექტზე, რომელიც ფერეიდნელი ქართველებისთვის ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსების საქმიანობას ითვალისწინებს. ის კარგად იცნობს მათ ცხოვრებას და ინტერესებს, ჩადის ფერეიდანში და მისი ზრუნვაც მარტო სიტყვით არ შემოიფარგლება…

– ბატონო ზვიად, პირველად როდის ჩახვედით ფერეიდანში?

— პირველად ფერეიდანში ორი წლის წინ, მაისის თვეში გახლდით. მაშინ ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის სახელმძღვანელოები და ქართული წიგნები წავუღე. როდესაც იქ ჩავედი, მათ მთხოვეს, რომ ქართული ენის შესწავლაში დავხმარებოდი. ქართული ენა იქ ბევრმა იცის, მაგრამ ძირითადად მაინც ძველი ქართულით საუბრობენ, ამიტომ თანამედროვე ქართულით ლაპარაკი და წერა-კითხვა უჭირთ… როდესაც საქართველოში დავბრუნდი, დავწერე პროექტი, რომელიც შარშან ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. ეს ფერეიდნელების მეჩვიდმეტე–მეთვრამეტე თაობაა.

პირველ პროექტში 12–14 წლის ბავშვებიც გვყავდა, ძირითადად კი 22-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან. ორი თვის მანძილზე ჩამოვიყვანეთ 12 ფერეიდნელი ახალგაზრდა, რომლებსაც ქართული ენა და ქართული სიმღერები შევასწავლეთ. მათი სურვილის გათვალისწინებით ფანდურის შესწავლის გაკვეთილებიც დავამატეთ. ექსკურსიების მეშვეობით მოვატარეთ საქართველოს კუთხეები და ისტორიული ძეგლები ვაჩვენეთ. წავიყვანეთ სპორტულ ღონისძიებებზე: რაგბზე და ფეხბურთზე.

– ცნობილია, რომ ქართულ ენას სკოლებში არ სწავლობენ და ტრადიციულად ოჯახებიდან იციან…

— დიახ, სკოლებში არ სწავლობენ. საოცარია, მაგრამ ფაქტია, ჩემი მეგობრების შვილებმა, ვინც საქართველოდან 15-20 წლის წინ წავიდა, ქართული უკვე აღარ იციან, ესენი კი არ ივიწყებენ! სანამ იქ ჩავიდოდი, ერთ ფერეიდნელ ქართველს სკაიპით ვკითხე – 400 წლის მანძილზე ირანში ქართული ენა როგორ შეინარჩუნეთ–მეთქი. ასე მიპასუხა – როცა შვილი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა და სპარსულად ლაპარაკს დაგვიწყებდა, პასუხს არ ვცემდით, სანამ ქართულად არ დაგველაპარაკებოდაო… ფერეიდნელების უმრავლესობის ოჯახში ასე ხდებოდა. გამონაკლისები ყველგანაა. კიდევ ერთი მომენტი: ფერეიდნელი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფერეიდნელზე ქორწინდებოდა და ეს ტრადიციაც დღემდე შენარჩუნებულია.

– მათ უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს?

— პირველი პროექტის დროს მე შევხვდი პრეზიდენტს, რომელსაც ფერეიდნელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლება ვთხოვე და მაშინ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა. მათ დღეს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. მომდევნო პროექტების მონაწილეთაგან უმრავლესობამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. იმდენად მოეწონა პრეზიდენტს ეს პროექტი, რომ რამდენიმე ხანში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თავად დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მზად იყვნენ შემდეგი პროექტიც დაეფინანსებინათ. ასე რომ, მეორე და მესამე პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული. მეოთხე პროექტი კი პირველის მსგავსად ისევ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. 21 ივლისს მეხუთე პროექტი დავიწყეთ და ამისთვის თანხები ისევ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა გამოგვიყო. პროექტში ისევ შედის ქართული ენის, ხალხური სიმღერის, ფანდურის შესწავლა. პროექტის ფარგლებში ასევე ექსკურსიებიც შედის.

– მათ შორის ასაკოვანი ფერეიდნელები თუ არიან?

— იცით, ჩვენ აქცენტი ძირითადად ახალგაზრდებზე გავაკეთეთ, რადგან ეს ის თაობაა, რომელიც მომავალში საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რადგან ეს სურვილი უკვე ბევრმა გამოთქვა. წინა პროექტებიდან ბევრი ადამიანი დარჩა აქ და ბევრს უნდა, რომ თავის ისტორიულ მიწა-წყალს დაუბრუნდეს. ამ პროექტის მერე უფრო მეტი ინტერესდება და აქ ჩამოსვლის სურვილი მეტს უჩნდება. მეოთხე პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში 5 წყვილი ცოლ–ქმარი და 2 წყვილი და–ძმა მონაწილეობდა.

– ქართული ენის და სიმღერის პედაგოგები ვინ არიან?

— სიმღერის სამი მასწავლებელი გვყავდა, პირველ პროექტში ნინო ჩხეიძე ასწავლიდა, მეორეში – ნინო ჯულაყიძე, მესამე-მეოთხეში — გელა ფარჩუკიძე. ქართულ ენას კი ასწავლის ნათია რუხაძე, რომელიც ამავე დროს სპარსული ენის სპეციალისტიცაა. ფანდურის მასწავლებელი — ლევან კაპანაძეა.

– ვიცი, რომ ფერეიდანში ყველაფერს მათ მიერ შერქმეული ქართული სახელები აქვს…

— ასეც არის, იქ ყველაფერს ქართული სახელი ჰქვია – მთებს, მდინარეებს… მანქანაში ქართულ სიმღერებს უსმენენ, მაღაზიებზე ქართული წარწერებია. როცა ფერეიდანში ვიყავი, ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა და მომენტი იყო. ერთი მასპინძლის ოჯახში ჩავფიქრდი და მკითხეს, რა იყო, სამშობლო მოგენატრაო? მე ვუპასუხე – კი, მომენატრა–მეთქი. იცით, რა მითხრეს?— აბა, ჩვენ რა უნდა ვქნათ, როცა უკვე 400 წელი გვენატრებაო…

 

.

 

Comments

comments

დატოვე პასუხი