ქურდობა90-იანი წლების სიბნელეს, გაჭირვებას, შიმშილს და სიდუხჭირეს გაქცეულმა საბერძნეთის დედაქალაქს შეაფარა თავი. საბერძნეთამდე ავტობუსით ჩავიდა გზაზე კი 12 საათი საბარგულში ჩაჩოქილი იდგა. მაშინ 50 წლის იყო. ახლა კი 59 წლისაა.

ამჯერად საბერძნეთში ემიგრაციაში მყოფი მ.მ.-ს ისტორიას გიამბობთ. [sociallocker]

,,გაჩერდა თუ არა ავტობუსი სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ათენში მეგობარი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა. დავიბენი, მიმოვიხედე, წელში ძლივს ვიმართებოდი მუხლებზე დგომის გამო. ვიფიქრე ვიტირებ-თქო, ვიფიქრე ვიყვირებ-თქო, ვიფიქრე რამეს გავაკეთებ, თავს მაინც მოვიკლავ-თქო, მაგრამ როგორც კი გამახსენდა საქართველო, გამახსენდა ის ვალი, რომლითაც აქ წამოვედი, გამახსენდა ჩემი ავადმყოფი ქმარი, ჩემი რუსეთში გადახვეწილი შვილი, მივხვდი, რომ მე სიკვდილის უფლება არ მქონდა. ამ ფიქრებმა ელვასავით გამიქროლა გონებაში და გული წამსვლია. იქაურმა ქართველებმა მითხრეს, კარგა ხანს გასულიერებდითო. რადგან ჩემი მეგობარი არ მოვიდა, ავტობუსში გაცნობილ ქალთან ერთად მომიწია წასვლა, მასთან დაახლოებით 1 თვე ვცხოვრობდი, სანამ მისმა მოხუცმა თავად არ გამიშვა თავის ძველ ნაცნობთან სამუშაოდ.
მესამე წელს ვალის გადახდა დავამთავრე და ცოტა წელში გავიმართე. საქართველოში დარჩენილ ნათესავებს ცოტა ხელი შევუწყვე, მაგრამ ამასობაში საქართველოში დატოვებული ქმარი გარდამეცვალა. დავრჩი ასე ჰაერში ქმარიც კი ვერ ვიტირე აქედან.

ამ ამბებით განერვიულებულმა ომონიას მივაშურე, სადაც ქართველები ვიკრიბებით ხოლმე. ომონიაზე ერთი განერვიულებული ქართველი გოგო გავიცანი, რომელსაც სამსახური არ ჰქონდა და არც ღამის გასათევი ჩანდა სადმე. ჩემი თავი გამახსენდა და გოგონას ჩემთან ცხოვრება შევთავაზე. 2 კვირა ჩემთან ცხოვრობდა. მესამე კვირის დასაწყისს კი ისე გაქრა, არც დამშვიდობებია.

ერთ დილით კარზე კაკუნი მომესმა, წავედი გასაღებად და რას ვხედავ, ორი ნიღბიანი კაცი დგას კართან, ოდნავ შეღებულ კარზე ეცნენ და შემოგლიჯეს, ჩამიყვანეს სამზარეულოში და მილზე მიმაბეს. ქართველები იყვნენ. ნიკოლასის ოთახის გასაღებს მთხოვდნენ. კარგახანს ვიუარე, ვითომ არ მქონდა, მაგრამ ბოლოს მოკვლით რომ დამემუქრნენ, მივეცი. გამომგლიჯეს თუ არა გასაღები, კიბეებისკენ წავიდნენ. ერთმა შეეკითხა მეორეს ახლა საითო, მეორემ ნინომ თქვა, პირველი ოთახია მესამე სართულზეო. ნინო?! გავიგონე სახელი ნინო თუ არა, ელდა მეცა. ნინო ხომ იმ გოგონას ერქვა 2 კვირა ჩემს ლუკმას რომ ვუზიარებდი. ტირილი წამსკდა, ამასობაში ყაჩაღებმა სახლი დაცალეს. წასვლის წინ კი ჩემი მოხუცის ოთახში შემაგდეს.
ჩემი მოხუცი ინვალიდია. დამინახა თუ არა ასე გადაკრული და უმოძრაოდ, ღმუილი ატეხა, ლოგინიდან ვერ გადმოდის და რა ექნა აბა? მთელი დღე მე ტირილში, მან კი ღმუილში გაატარა, სანამ საღამოს ნიკოლასი არ მოვიდა. მოვიდა, სასწრაფოდ გამხსნა. მითხრა, სასწრაფოს გამოვიძახებო. მე ვიუარე, არალეგალს არ მინდოდა სადმე დაფიქსირება, თან განერვიულებული და გადარეული მოხუცი მყავდა მისახედი. ნიკოლასმა მკითხა, ხომ არ გეცნო რომელიმე, ვინმეზე ხომ არ გაქვს ეჭვიო, რა მეთქვა რა?! საბერძნეთის დედაქალაქში ქართველი ქართველმა გამქურდა-თქო?!.’’

[/sociallocker]

Comments

comments

დატოვე პასუხი