უწინდელ დროში აქ საქართველო ყოფილა და ძველი ჰერეთი. სულ პირვანდელ ქართველებს აქ უცხოვრიათ. ისინი თვრამეტი ძმანი ყოფილან. ეს ადგილი ედემის ბაღივით ლამაზი ყოფილა. მუდმივად, ზამთარ–ზაფხულ ჰყვაოდა თურმე… რა ნადირი, რა ფრინველი გინდოდა, რომ შიგ არ იყო. ძვირფასი წყაროები მოჩუხჩუხებდნენ მთებიდან. თუ გინდ ცივი, თუ გინდ თბილი. მტერს ქართველების კარგი ცხოვრება შეშურებია და მის ამოსაგდებად ჯარი გამოუგზავნია. ჯარს ეს ქვეყანა აუკლია, ხალხი დაუხოცია, ვინც გადარჩენილა ცოცხლად დაუმარხავს. ფრინველი და ნადირი ამოუწყევია, ტყე გაუკაფავს, ძვირფასი წყაროები დაუშრია.

თვრამეტი ძმიდან ერთი გაქცეულა და საქართველოში ახალი ჰერეთი აუშენებია. თავისი ქვეყანა ოთხივ კუთხით ჯებირებით შემოუფარგლავთ ისე, რომ შიგ ჩიტიც ვერ გაფრინდებოდა. ამ ძმბიდან ერთი ვერ გაქცეულა და ტყეში დამალულა. ომი გათავებულა, შემდეგ გამოსულა. იმისთვის მტერს ხელი არ უხლია და მორჯულებულისთვის „ჰენგილავ“ უწოდებია. შემდეგ ის გამრავლებულა და თავისი ქვეყნისთვის–დუნიასთვის – საინგილო უწოდებია. იმ ახალ ჰერეთსა და ძველ ჰერეთს შორის მუდამ ტკბილი ძმობა ყოფილა. იმ ჰერეთის მეფეები ომში წასვლისას გზად მუდამ ამ ჰერეთზე გამოივლიდნენ. თავის უფროს ძმას ნახავდნენ და თავს დაალოცვინებდნენ. იმ ჰერეთ, ამ ჰერეთ ხალხები ჭირსა და ლხინში მუდამ ერთად იყვნენ. ძმებ იყვნენ.

ადგილის დედა

სოფლელ კაცს საინგილოში ადრე თორაღა რქმევია.

ერთი მოხუცი მღვდელი ხელთ უგდია სულთანს, დიდხანს უწვალებია და მოუთხოვია მისგან, – გვითხარ, სად არის სენახული თქვენი ეკლესიების ნივთეულობა და ფული, თორემ მოგკლავთო. მოხუცს წვალებისაგან თავი რომ მობეზრებია, უთქვამს, – წამიყვანეთ ცემს სამშობლოში და იქ გეტყვით, სად არის ეკლესიების განძიო. წამოუყვანიათ… მოსულა თავის მიწა–წყალზე თუ არა, მაგრად შემოხვევია ეზოს ხირხლებს და უთქვამს: ახლა რომც მომკლათ, ფიქტი არა მაქვს: მე ჩემს სამშობლოში მოვკვდები და დავიმრხები. სად არის ეკლესიების სიმდიდრე დამალული, ამას კი არ გეტყვითო.

ვერა და ვერ მოუშორებიათ იმ ხირხლებისათვის და ამის გამო გაბრაზებულ და ყელში ბოღმამორეულ მაჰმადიანებს ლუკმა–ლუკმა უქცევიათ მოხუცი, ხოლო სოფლისათვის, სასაცილოდ რომ აეგდოთ, სახელი გამოუცვლიათ, თორაღასთვის უწოდებიათ კახი, რაც მათ ენაზე ვაშლის ჩირს ნიშნავს – ვითომ ის მოხუცი ისე ავკუწეთ, როგორც ვაშლის ჩირიო.

მოსე ჯანაშვილი

ჯეჯილი, 2008, №3, გვ.7

წყარო infohereti.ge

 

Comments

comments

დატოვე პასუხი